ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში-გიორგი ქადაგიძე

26.05.25 18:01
ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში-გიორგი ქადაგიძე

მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ, რომ ღირსეული ადგილი დავიკავოთ ევროკავშირის დიდ ოჯახში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა.

ქადაგიძის თქმით, “იმისთვის რომ ქვეყანა გამარჯვებამდე მივიდეს, ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და გამარჯვება აუცილებლად დადგება“.

ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთისგან დამოუკიდებლობის დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში, ჩვენ შვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი, ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე, იყოს უსაფრთხოება,  ადამიანს არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, დაცულად იყოს ყველა და არ ხდებოდეს ის უბედურება, რაც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში ხდება. ვფიქრობ, მიუხედავად ყველა გამოწვევისა,  ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი დავიკავოთ ევროკავშირის დიდ ოჯახში. ყველა ვინც ამ მიზანს ეწინააღმდეგება, სამწუხაროდ არის რუსეთის გავლენის აგენტი, ამ რეალობაში ვართ.

უნდა დავიჯეროთ იმის, რომ შეგვიძლია და ნამდვილად შეგვიძლია, არავისზე ნაკლები არ ვართ, არცერთ განვითარებულ, დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოზე ნაკლები არ ვართ უნარებით, ცოდნით, კულტურით, ისტორიით, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე,- განაცხადა ქადაგიძემ.