ხალხისგან იზოლირებული დამოუკიდებლობის დღე - რა გვითხრა "ქართულმა ოცნებამ"
მიხეილ ყაველაშვილი ქართველ სამხედროებს პირველად მიმართავს და პარტიულ პროპაგანდას ვერ სცდება - ქართულ ჯარს ესაუბრება უცხო ძალაზე და ეუბნება, რომ მათი დახმარების ლოდინი ამაოა. ყაველაშვილმაც იცის და სამხედროებსაც გამოუცდიათ რა დახმარება გაუწევია დასავლეთს ჯარის გაძლიერებაში, თუმცა "ოცნების" პრეზიდენტის მისია ამაზე ხაზგასმა არ ყოფილა. ყაველაშვილი უცხო ძალაზე საფრთხეებზე საუბრობს ისე, რომ არ ახსენებს ის საიდან მოდის.
ყაველაშვილმა ფიცი პირველად ჩაიბარა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ წელს სიურპრიზები არ იქნებოდა. პირიქით, ამ ტრიბუნიდან სიტყვით გამომსვლელების ტექსტები ერთმანეთთან შეთანხმებულს ჰგავდა - იდენტური აქცენტებით და იდენტური პარალელებით. "ოცნებამ" ღონისძიება ისე დაგეგმა, რომ დისკომფორტი არავისგან ეგრძნო. ესაუბრებოდნენ ყველას კრიტიკული მედიის გარდა.
ეს ღონისძიება ეროვნულ დღეს რომ არ უკავშირდებოდეს და მასში ჯარი არ მონაწილეობდეს, პარტიული შეკრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნებოდა. ზოგი შვილთან ერთად მოვიდა, ზოგს თან ცოლი ახლდა. იყვნენ ელჩებიც. ევროკავშირს პაველ ჰერჩინსკი წარმოადგენდა. არ ყოფილა ელჩი არც გერმანიიდან, არც საფრანგეთიდან, არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რობინ დანიგანის ნაცვლად ოცნების მოსაწვევზე პასუხად ღონისძიებაზე საელჩო თავდაცვის ატაშემ წარმოადგინა.