სახალხო 26 მაისი - 26 მაისს ქვეყნის მთავარ გამზირზე რამდენიმე საათით ისტორია გაცოცხლდა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, იქ სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ზუსტად 17:10 წუთზე ფიცი დაიდო და ისტორია გაცოცხლდა. ნოე ჟორდანიას შემდეგ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი კიდევ ერთხელ წაიკითხეს. დამოუკიდებლობის დღის ამ მომენტმა ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილი ხალხი აატირა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მწყობრში ჩამდგარი ქალები მარშით მივიდნენ. შავი ქუდებით და წითელ ტანისამოსში შემოსილმა ქალებმა "შევარდენის" მარში გააცოცხლეს, ყველაფერი იყო ისე, როგორც 1919 წლის 26 მაისს მოეწყო.
დედაქალაქის მთავარ მოედანზე მივიდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხალხის მიერ ორგანიზებულ სახალხო 26 მაისს შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სათქმელს სცენიდან ზუსტად 21:00 საათზე ეტყვის რუსთაველის გამზირზე შეკრებულ საზოგადოებას.
ისტორია დღეს გააცოცხლეს საჯარო მოხელეებმაც, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა არქივიდან ამოღებული კადრებით, დროშებით და სლოგანებით ხელში დაიძრა პარლამენტის შენობამდე. რეპრესიების მსხვერპლი საჯარო მოხელეები ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ქუჩაში აგრძელებენ.
მსვლელობით მივიდნენ რუსთაველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, რომლებიც ასობით დღეა უწყვეტ პროტესტში არიან. მათთან ერთად კი სინდისის პატიმრების მშობლები, რომელთა მთავარი სურვილიც ნამდვილად დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებაა.
საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად 26 მაისის სახალხო ზეიმს უერთდებიან პოლიტიკური ჯგუფები, "მარჯანიშვილის მოედნიდან" დაიძრა "ლელო- ძლიერი საქართველო" სლოგანით „დამოუკიდებლობისთვის - ბოლომდე!"
საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს - ეს იყო ხელოვანების სათქმელი. კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები მუსიკოსები მსახიობები მხატვრები ფილარმონიიდან მივიდნენ პარლამენტთან. ისმოდა სიტყვები, "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!"
საბოლოოდ ყველა რუსთველის გამზირზე შეიკრიბა, სადაც მოწყობილი ყველა კუთხეს დამოუკიდებლობას ეძღვნება.
რუსთაველის გამზირზე დღეს გაცოცხლდა მე-20 საუკუნე და ასევე, ყველა ის გარდამტეხი ეტაპი , რომელიც ოცნების რეჟიმმა 21-ე საუკუნეში შექმნა. არჩევნების გაყალბებთ დაწყებული, რუსული კანონების მიღებით დასრულებული. ხალხი დამოუკიდებლობას აღნიშნავს იქ, სადაც ამ ქვეყნის ისტორია მუდმივად იწერება. ოღონდ ოლიგარქის რეჟიმის გარეშე.
ფოტო: MO SE