არჩევნები გაყალბდა, ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია, საჭიროა ახალი არჩევნები! - ექსკლუზიური ინტერვიუ რასა იუკნევიჩიენესთან
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია - ამ წუთებში გავლენიანი ევროდეპუტატი რუსთაველის გამზირისკენ მიემართება. რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპარლამენტში არაერთი რეზოლუციის თანაავტორია, დღეს სავარაუდოდ, ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავს.
თბილისში მყოფ ევროდეპუტატთან ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველებმა" ჩაწერა. როგორც ის "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
"არჩევნები კრიმინალური მანიპულაცია იყო. პარტნიორები აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას", რადგან რეალობა ასეთია - მოქალაქეები 100 დღეზე მეტია, პროტესტს გამოხატავენ და ნებისმიერი დემოკრატი პოლიტიკოსი ამას შესაბამისად შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის განცხადებას გააკეთებს" - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია კრიზისიდან გამოსავალი. ამას ხალხი ამბობს და არა ევროკავშირი, ან რომელიმე ქვეყანა. ამას ხალხი ითხოვს. არჩევნები გაყალბდა, მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ გააუქმებდა, ან გადაავადებდა ევროინტეგრაციის პროცესს. ეს იყო კრიმინალური მანიპულაცია და საჭიროა ახალი არჩევნები. პარტნიორები აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას", რადგან რეალობა ასეთია - მოქალაქეები 100 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავენ და ნებისმიერი დემოკრატი პოლიტიკოსი ამას შესაბამისად შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის განცხადებას გააკეთებს". - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ქართველი ხალხის 26 მაისი - დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადავსებულია. დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავზე პარლამენტთან მყოფი ადამიანები კვლავ ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები და თავისუფალი მომავლისთვის იბრძვიან.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სცენაა მოწყობილი. ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მიმართავს. მანამდე კი გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც "ფედერალისტების", "ტაბულასა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ არის ორგანიზებული.
დღეს რუსთაველის გამზირზე დგას სტუდენტი, პოლიტიკოსი, ხელოვანი, საჯარო მოხელე და საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც სჯერა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტს ართმევს და ოკუპანტი რუსეთის წინაშე ქვეყანას მარტო ტოვებს.