კობახიძე ისევ თავებს ითვლის: " გუშინ აქციაზე 3000 კაცი იდგა"

27.05.25 12:52
კობახიძე ისევ თავებს ითვლის: " გუშინ აქციაზე 3000 კაცი იდგა"

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აღარაფრის რესურსი არ აქვს. ამ განცხადებით ივანიშვილის პრემიერი გუშინ  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმიანება. კობახიძე ირწმუნება, რომ იქ სულ რაღაც 3000 კაცი იყო შეკრებილი, რაც მისი თქმით, ცხადყოფს, რომ ოპოზიცია ძალადაკარგულია. 

გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მივიდოდა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა უფრო ომახიანი ყოფილიყო ზურაბიშვილის გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, არაფრის რესურსი აღარ აქვთ, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, ოპოზიციას ახალი საპარლამენტო არჩევნები აღარ აწყობს, რადგან იცის, რომ წინდაწინ წაგებული აქვს. ამასთან, ივანიშვიის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგება და უკეთესიც კი იქნება თუ მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. 

როდესაც მათ საუბარი აქვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში, თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპული. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავისთვის, მათ შორის, არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას, - თქვა კობახიძემ.