ბოჭორიშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის ერთობლივი განცხადებით უკმაყოფილოა

27.05.25 13:25
ბოჭორიშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის ერთობლივი განცხადებით უკმაყოფილოა

მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით უკმაყოფილოა. საგარეო უწყების ე.წ. მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ქვეყანაში ნეგატიური დღის წესრიგის შესაქმნელად ეროვნული დღესასწაული გამოიყენეს.

ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები და ზოგადად, ულოცავენ ქვეყნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ ვინმეს კრიტიკა უნდა, ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ, არ იშურებენ ამისთვის ძალისხმევას. ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი. 

გუშინ ელისეს სასახლემ მაკრონის, მერცის და ტუსკის იმძიმესი განცხადება გაავრცელა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ამხელს. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ისინი გმობენ ივანიშილის რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. არადა, რამდენიმე დღის წინ, ტირანადან დაბრუნების შემდეგ კობახიძე ამტკიცებდა, რომ მაკრონთან 20 წამიანი საუბარი საკმარისი იყო დარწმუნებულიყო, რომ საფრანგეთის ლიდერი ქართული ოცნების პოლიტიკას იზიარებდა.