"ოცნება" სადაო კანონების გადახედვას არ აპირებს

27.05.25 17:40
"ოცნება" სადაო კანონების გადახედვას არ აპირებს

"ოცნება" სადაო კანონების გადახედვას არ აპირებს - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მწვავე გზავნილების შემდეგ ივანიშვილის გუნდში კომენტარები კეთდება. 

  • კომისარი ივანიშვილის რეჟიმს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმისკენ და 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოუწოდებს.

გია ვოლსკი მაიკლ ო'ფლაერტის შენიშვნებს "პოლიტიკურად ანგაჟირებულს" უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს აქციის მონაწილეების მიმართ "გარკვეული სიმკაცრე მართებს".

ამ სიტუაციაში, როცა მაიკლი ხედავს თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ისვრიან პიროტექნიკა, როგორ ცდილობენ მოკლან, დაასახიჩრონ სახელმწიფოს წარმომადგენლები, გააჩინონ ცეცხლი და რა ხდება საქართველოში ზოგადად, ამ ვიტარებას თუ გააანალიზებ, მიხვდები, რომ გარკვეული სიმკაცრე მართებს სახელმწიფოს კანონების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში მისი შენიშვნები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული", - აცხადებს გია ვოლსკი. 

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ურჩევს" ყველამ თავისი ჯარიმების შინაარსს მიხედოს".

ყველა ჯარიმა არასასიამოვნოა და ყველა ჯარიმა გარკვეულ მატერიალურ სიმძიმეს ატარებს, მაშინ ჩვენ ახალ დავიწყოთ, რატომ არის ევროპაში ანალოგიური ჯარიმები? ამიტომ, კეთილი ინებონ და ყველამ თავისი ჯარიმების შინაარსს შეხედონ", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

რაც შეეხება ბეჟან წაქაძეს, ირაკლი ზარქუას და ლადო ბოჟაძეს, ივანიშვილის დეპუტატებს ო ფლაერტის განცხადებაზე ასეთი პასუხი აქვთ: 

"კანონი არ უნდა დაარღვიოთ ისე უნდა შეიკრიბოთ" - თქვა ბეჟან წაქაძე. 

"კანონი არ დაარღვიო და მორჩა" - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

"კანონი ჩათვლის, თუ ვინმე დააშავესბ, აგებს პასუხს", - ამბობს ბოჟაძე. 

მაიკლ ო'ფლაერტიმ "ქართულ ოცნებას" მოუწოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები შეასრულოს.

ამასთან კომისარი ივანიშვილის რეჟიმს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმისკენ და 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოუწოდებს.