ეს არის პროტოკოლური მილოცვა და ტრამპის ხელმოწერა იქ არ არის-ბადრი ჯაფარიძე

27.05.25 21:53
ეს არის პროტოკოლური მილოცვა და ტრამპის ხელმოწერა იქ არ არის-ბადრი ჯაფარიძე

 

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა ყაველაშვილისადმი პროტოკოლურად მოხდა და ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოაგზავნა, რომელიც კალენდარში ნახულობს, თუ ვისი დამოუკიდებლობის დღე როდისაა.

ჯაფარიძის თქმით, ამ მილოცვას ტრამპის ხელმოწერაც კი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელისუფლებო მედია ამ წერილის დედანს აუცილებლად გამოაქვეყნებდა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რეალური პოზიცია იყო რუბიოს წერილში, სადაც “ხაზგასმული იყო  მხარდაჭერა ქართველი ხალხის და უგულებელყოფა უზურპატორი ხელისუფლების“.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ცხადია, ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ვისი დამოუკიდებლობის დღეა კალენდარში და შესაბამისად, პროტოკოლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციის წარმომადგენელი აგზავნის მილოცვის წერილს. ეს არის ავტომატიზირებული მილოცვა და ტრამპის ხელმოწერა იქ არ არის, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებს სახელისუფლებო მედია ამ წერილს. ღმერთმა ნუ შეგვიყვანოს იმ ქვეყნების ნუსხაში, სადაც დამოუკიდებლობის დღესაც კი არ ულოცავენ პროტოკოლურად გათვალისწინებული მილოცვით. ჩვენ არ დავუშვებთ და არც მინდა, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს ჩრდილო კორეის ტიპის ქვეყნების რანგში. ჩვენ ვნახეთ რუბიოს წერილი, რომელიც “ოცნებისთვის“ გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა, ვფიქრობ, ეს იყო ხაზგასმული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და უგულებელყოფა უზურპატორი ხელისუფლების,-აღნიშნა ჯაფარიძემ.  

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ტრამპის მისალოცი წერილი თავად ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.