შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

28.05.25 11:04
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა - ის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

"ქართული ოცნების" პრემიერმა ასევე ვახტანგ გომელაურს "გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ გომელაურმა პოსტიდან წავსლის გადაწყვეტილება "მშვიდ ვითარებაში" მიიღო. ირაკლი კობახიძე ასევე დღეს ამტკიცებდა, რომ ექსმინისტრმა გასული 4 წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა აღკვეთა.

დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღისწინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე, დიდ ენერგიასმ ოითხოვს და შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდაჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
 
ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის განსაკუთრებული კაცი, მას მინდა ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. ის არის ჩვენი მეგობარი და წარმატებები მას ყველაფერში,- განაცხადაპრემიერმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ის 31 მაისს, პოლიციის დღესაც კი არ დაელოდა, სადაც თანამშრომლებისთვის უნდა მიემართა.  გომელაური მაგნიტისკის სანქციებით ტოვებს.