ნიკა მელია: პროკურატურამ ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა

28.05.25 15:03
ნიკა მელია: პროკურატურამ ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა

 

 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ პროკურატურამ ხვალინდელი პროცესის გადადება მოითხოვა. 

როგორც მელია ვიდეო მიმართვაში ამბობს, საქმის პროკურორებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს, სადაც პროცესის გადადების მიზეზად მათი ტრენინგზე დასწრება და თბილისში არყოფნა დაასახელა.

როგორც უკვე იცით, ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო და დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილას და საზოგადოებას ეს ვუთხარი.

სულ რამოდენიმე წუთის წინ, ადვოკატს გიორგი კონდახაშვილს, სასამართლომ დაურეკა და ასეთი "საინტერესო" ამბავი შეატყობინა - ორმა პროკურორმა, აი, იმ ცნობილმა ორმა პროკურორმა გოგონამ, წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ხვალ ისინი მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე, შესაბამისად არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან სასამართლო პროცესს და თხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა ანუ არ დასწრება შესაბამისად, ამ მდგომარეობით, პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული, არც პროკურორი, მოკლედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, 29 მაისს უნდა გაიმართოს. საქმე ეხება წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმას.