"ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება" - ხიდაშელი ივანიშვილის სვლებზე საუბრობს
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა სანქცირებულ კადრებს თავიდან იშორებს - განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გომელაურის გადადგომის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ხიდაშელი ამბობს, რომ ოლიგარქს სურს, ამ ნაბიჯით, დასავლეთი დააჯეროს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან კავშირი არ აქვს.
ამასთან, ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის "მოგონილ სვლას" საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიჯერებს.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები მთავრობიდან მიდიან. როცა ლილუაშვილი გადადგა, მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ გომელაური აუცილებლად წავიდოდა, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. ამით ბიძინა ივანიშვილი წერტილს დასვამს და იტყვის საჯარო მოხმარებისთვის, საერთაშორისოდ, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, მისი პირადი წრიდან წამოსული კადრები მთავრობაშიც კი აღარ არიან, ამიტომ ვინმეს თუ რამე კითხვები აქვს, ვინმესთან რამე სასაუბრო აქვს, რამე გასარკვევი აქვს, უნდა ელაპარაკონ ირაკლი კობახიძეს.
შესაბამისად, ეს ვრცელდება არა მარტო ლაპარაკის ნაწილზე, არამედ სანქცირების ნაწილზეც. ეს ნაბიჯი არაფერ სხვასთან არ არის კავშირში გარდა იმისა, რომ ის ხომ ასე ცხოვრობს, თვითონ რაღაცას მოიგონებს, მერე დაიჯერებს და მერე ჰგონია, რომ თვითონ რომ მოიგონა და დაიჯერა, დანარჩენმა სამყარომაც ასე მოიგონა და ასე დაიჯერა და ახლა ყველა სხვა დანარჩენი უნდა, დააჯეროს, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.