ჩაშლილი შეხვედრა ელჩთან და ოლიგარქის კომპლექსები - რატომ თქვა ივანიშვილმა რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი
ივანიშვილის უარი დანიგანს და დანიგანის უარი კობახიძეს - ჩაშლილი შეხვედრების შესახებ ორი წერილით ოლიგარქსა და შტატებს შორის ურთიერთობა უფრო ღრმა დაპირისპირებით განახლდა. დღე ამერიკის საელჩოს განცხადებით დაიწყო და გამჟღავნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. იმ პარტიის ლიდერმა, რომელიც ტრამპთან ურთიერთობის დალაგების მოლოდინშია, ტრამპის გზავნილების მოსმენა არ ისურვა. საელჩო წერს, რომ ელჩს ივანიშვილისთვის მარკო რუბიოს გზავნილი უნდა გადაეცა და ეთქვა, რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" ურთიერთობის აღსადგენად.
საელჩოს ამ მოკლე განცხადებას მალევე შეაგება ტრადიციულად ვრცელი წერილი ბიძინა ივანიშვილმა. ელჩის განცხადებას "გაუგებარი", შეხვედრაზე უარს კი "კომპლექსებით" ნაკარნახევი უწოდა. ოლიგარქი ამბობს, რომ კომპლექსი აქვს და ეს კომპლექსი მაშინ მოეხსნება, როცა მოეხსნება სანქცია.
ეს ამ წერილის მთავარი ფრაგმენტია. ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სანამ მას საკუთარ ფულს არ მისცემენ არავის დაელაპარაკება. არადა ამ დრომდე მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ მას რობინ დანიგანთან შეხვედრა სურდა. მეტიც, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მან საჯარო ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრა დაგეგმილიც კი იყო. კომპლექსები ადრეც ჰქონდა, თუმცა შესახვედრად ემზადებოდა.
ვინ რა წაიკითხა ივანიშვილის პასუხში? - "ოლიგარქს მხოლოდ მისი გაყინული მილიონები ედარდება" - ამბობენ მესამე სექტორში.