დასახიჩრებული მოქალაქეები და დაუსჯელი პოლიციელები - გამოიძიებს თუ არა გაბიტაშვილი კარლო კაციტაძის გამოუძიებელ საქმეებს
ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტს პოლიციელზე სილის გაწვნისთვის 7 წლიანი ციხისთვის სწირავენ, არ იმჩნევენ ახალგაზრდებს, რომლებიც პოლიციელებმა სამუდამოდ დაასახიჩრეს.
6 დღიანი კომა და ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა - 22 წლის ბიჭი, რომელსაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელმა გაზის კაფსულა ესროლა, საქმის გამოძიებას 5 თვეა ელოდება. ალექსანდრე თირქია საგამოძიებო უწყებას მასზე თავდამსხმელი სპეცრაზმელის იდენტიფიცირებას სთხოვს.
დასახიჩრებული ახალგაზრდის საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თაროზე შემოდო, კომიდან ახალი გამოსული ახალგაზრდა გამოკითხვაზე 3 ჯერ დაიბარა, მიატანინა მასზე თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თუმცა, სპეცრაზმელი, რომლის დადგენაც მარტივი იყ, გამოკითხვაზეც კი არ დაიბარა. თირქია ერთადერთი დაზარალებული არ არის რომელიც საგამოძიებო უწყებამ დაივიწყა. ასეთი კარლო კაციტაძის სამსახურის თაროზე, მხოლოდ ბოლო 5 თვეში 100 ობით თაბახის ფურცელია შემოდებული.
ალექსანდრე ქეშელაშვილი ჯერ კიდევ კლინიკაში ყოფნისას გამოკითხეს, მოისმინეს, როგორ იძალადა მასზე რამდენიმე სპეცრაზმელმა, ჯგუფურად, კამერების თანდასწრებით. გამომძიებლებმა მოისმინეს მოტივიც რომ მედიის წარმომადგენელზე ანგარიშსწორება პირდაპირი ბრძანება იყო, ისიც, რომ სპეცრაზმელების მხილების შემდეგ ჟურნალისტი თავს დაცულად ვეღარ გრძნობდა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა კაციტაძის თანამშრომლებმა ხარებას რაზმის 3 თანამშრომლის გამოკითხვაზე დაბარებაც კი ვერ გაბედეს.
60-მდე დაზარალებული მოქალაქის უფლებებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს. იურისტები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებს გაეცნენ ამბობენ, რომ გამომძიებლებს დაზარალებულებს გამოკითხვის გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
რატომ არ იბარებენ ახალგაზრდების დამსახიჩრებელ პოლიციელებს გამოკითხვაზე? კითხვაზე პასუხობენ რომ ნიღბიან სპეცრაზმელებს სანომრე ნიშნები არ ეკეთათ და ამიტომ გამოძიება მათ ვინაობას ვერ ადგენს.
ახლა ჯერი გენ პროკურატურაზეა, რომელმაც კაციტაძის უწყების გაუქმების შემდეგ ათობით ნაცემი მოქალაქის საქმე გადაიბარა.