ირაკლი შაიშმელაშვილი: რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?!
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების დატოვებების სერიების უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პოზიციების გაძლიერების მცდელობას ხედავს.
როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ივანიშვილის რეჟიმის პრემიერს ნდობით აღჭურვილი პირები მოჰყავს, რომლებიც მის ამოცანებს უყოყმანოდ შეასრულებენ.
ამასთან, ირაკლი შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა კობახიძემ საკუთარი გავლენები ისე გაიძლიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელბორკილების დადების პროცესში ხელისშემშლელიც კი აღარავინ ჰყავდეს.
ირაკლი კობახიძე ვიღაცებს ბუნჩულა პიროვნება ჰგონიათ. სინამდვილეში ის შეფარვით იძლიერებს მის ინტერესებს, როგორც პრემიერი. მის ვერტიკალში მისი ნდობით და უყოყმანოდ ამოცანების შემსრულებელი პიროვნებები მოჰყავს. არ არის გამორიცხული, ეს მსჯელობის საკითხია, რომ ხვალ კობახიძე გავიდეს რუსებთან პირდაპირ კავშირზე. რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხვალ ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი. ეს ვარაუდია, მაგრამ რაც საქართველოში რეალურად ხდება, მთლიანად პროცესებს არც კობახიძე და არც ივანიშვილი მართავს. ეს არის რუსების მიერ დაწერილი სცენარი. ამის კარგი მაგალითია ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი". - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.