"ოცნებას" მძიმე ფასის გადახდა მოუწევს - გიგიაძე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე აანონსებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და "ქართულ ოცნებას" არსებობისთვის ხელს უწყობენ, სანქციები უახლოეს მომავალში დაუწესდებათ.
გიგიაძის განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოსპობისთვის და საკუთარი მოქალაქეების დარბევისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.
ეს დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ გამიჯნული საქართველოს მოსახლეობა და დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება. აქ არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებულად გამოხატული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოსახლეობისადმი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და მეორე მხრივ, ის მძიმე შედეგი, რომელიც დადგება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ხალხის გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად ჩამოაშორონ საქართველო ევროკავშირს, მაქსიმალურად შეგვიზღუდონ დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ამიტომ მათ მოუწევთ ამისთვის ძალიან ძვირი ფასის გადახდა და ეს რამდენიმე თვეშიც იქნება გაცხადებული და მალე იქნება თითოეულ ადამიანის სანქცირება", - ამბობს გიგი გიგიაძე.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
- დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
- დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
- ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
- არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
- რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
- სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
- დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
- ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
- ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
- რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.