კობახიძემ უნგრეთშიც „დიფ სთეითზე“ ილაპარაკა, "უსამართლო" უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენცია "ქართული ოცნების" პრემიერმა "დიფ სთეითზე" და გლობალური ომის პარტიაზე სასაუბროდ გამოიყენა - უნგრეთში მყოფი ირაკლი კობახიძე დღესაც ამტკიცებდა, რომ "დიფ სთეითი" ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობით იყო დაკავებული.
"როგორც ჩანს, "დიფ სთეითი" ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში" - ირწმუნებოდა ივანიშვილის გუნდის ლიდერი, რომელმაც ორბანის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს "MEGOBARI ACTI" "უსამართლო" და "ქართველ ხალხზე თავდასხმის" დოკუმენტად შეაფასა.
ყველა ზემოთ ხსენებული, შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ელჯიბიტი პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას "დიფ სთეითად" მოიხსენიებს.
მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძოლა "დიფ სთეითს" გამოუცხადა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორიცაა usaid და ნედი, რომლითაც "დიფ სთეითი" ცდილობდა საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 4 რევოლუციური მცდელობის მოწყობას, გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედისმომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
როგორც ჩანს, "დიფ სთეითი" ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტი მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს "დიფ სთეითს" და ეს წარმატებით აისახება ამერიკისა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.