ნიკა მელიას პროცესი ხვალ, 14:00 საათზე ჩატარდება
მოსამართლის გადაწყვეტილებით "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14 საათზე ჩატარდება.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დღევანდელ პროცესზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა უნდა მომხდარიყო.
ნიკა მელია ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ პროცესი ხვალ, 30 მაისს არ ჩაენიშნა, რადგან გიორგი კონდახაშვილის თქმით, მას სასამართლოში სხვა პროცესები აქვს ჩანიშნული.
საბოლოოდ, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და სხდომა 30 მაისს ჩანიშნა.
ხელის გულზე დევს ყველაფერი - პროკურატურამ დღეს, ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, პროცესი გადადეს. ვინაიდან ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ღამის 12 საათზე გადიოდა პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა დღევანდელ პროცესზე მისი დაკავება მოეთხოვა.
როგორც ჩანს, ეს იყო შეთანხმებული. მოგეხსენებათ, პროკურორებთან მიმართებით შესაძლებელია ნებისმიერი საფუძვლით პროცესის გადადება, ხოლო როდესაც მე, ადვოკატმა მოვითხოვე, რომ ხვალ მთელი დღე დაგეგმილი მაქვს, სხვა სასამართლო პროცესი და სხვადასხვა კლიენტებთან მიმართებით აქტივობები მაქვს-მეთქი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამით პირდაპირი მნიშვნელობით ირღვევა ნიკა მელიას დაცვის უფლება, ის არ ცხადდება პროცესზე და ერთადერთი, ადვოკატი წარმოადგენს მას პროცესზე, აღნიშნული მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ხვალ, 14 საათზე ჩანიშნა პროცესი.
დიდი ალბათობით, ხვალ, პროკურატურა პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს და დრო რომ არ დაეკარგათ ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო მოსამართლესთან.
ვწუხვარ, რომ სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტიკოსს აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას მელია არ აპირებს.