ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს - ეკონომისტი
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, - ასეთი შეფასება გააჩნია ეკონომისტს გიორგი ხიშტოვანს, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც გიორგი ხიშტოვანი "პირველებთან" აცხადებს, სანქციების მსუსხავ ეფექტს თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და ქმედებები, მაგალითად მისი აქტივების დიდი ნაწილის საქართველოში გადმოტანა ადასტურებს.
"ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ მას შეიძლება რუსი მილიარდერების ბედი ეწიოს, რომლებიც პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობაში იყვნენ შემჩნეულები" - ამბობს ეკონომისტი.
ფაქტები, რომ სანქციები მუშაობს, საკმარისზე მეტი გვაქვს. ეს არის ივანიშვილის განცხადებები, ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებები, ივანიშვილის ქმედებები. მთლიანი დიდი აქტივები, ან აქტივების დიდი ნაწილის საქართველოში გადმოტანა არის უტყუარი მტკიცებულება, რომ გლობალურად სანქციები მუშაობს. ფინანსურად ივანიშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. წერილის ის შინაარსი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ამას ამტკიცებს. ლოგიკური დასაბუთება არშეხვედრასთან დაკავშირებით სუსტია, მაგრამ რაღაც მხრივ მაინც ჩანს სასოწარკვეთა ფინანსურ შეზღუდვებთან, რომლის წინაშეც დადგა. მას არ ეპარება ეჭვი, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი, მაგრამ კარგად ხვდება, რომ მას შეიძლება ეწიოს ის ბედი, რომელიც თავის დროზე რუს მილიარდერებს ეწიათ, რომლებიც პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობაში იყვნენ შემჩნეულები." - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.