ოლიგარქის უარი აშშ-ს - რას ამბობს ირაკლი კობახიძე

29.05.25 20:28
ოლიგარქის უარი აშშ-ს - რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმას "ქართული ოცნების" პრემიერი "ლოგიკურ" და "სწორ" გადაწყვეტილებად აფასებს. 

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამერიკის მხრიდან "ივანიშვილის დაშანტაჟების ფონზე" რობინ დანიგანთან აუდიენციის გამართვა "მიზანშეწონილი" ვერ იქნებოდა. 

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, რომელიც ასევე ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც და ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი. როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, რომელიც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ვითარება ამ კუთხითაც. ასევე, კიდევ ერთხელ შეგვძლია დავაფიქსიროთ, რომ არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ამასთან დაკავშირებით არ არის დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის",- განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.

ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ "პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი აშშ-ის მიერ დაწესებულ როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც" წერს.

მსგავსი სიახლეები