რა გზავნილები გადასცა სტივ დეინსმა კობახიძის მთავრობას - რას წერს აშშ-ს საელჩო
რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ" აშშ-თან ურთიერთობების დასალაგებლად - ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები, რომელიც სენატორმა სტივ დეინსმა კობახიძეს გადასცა, აშშ-ს საელჩომ შეხვედრამდე გაასაჯაროა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი გეგმავს, კობახიძეს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გადასცეს, რომლის შესრულებაც ცხადყოფს, რამდენად სურს "ოცნების" ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა.
სენატორი დეინსი არის აშ-ში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან თბილისში.
ის გეგმავს, დააყენოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, ბიზნესისა და საგარეო ინვესტიციების პრიორიტეტები.
გარდა ამისა, სენატორი გეგმავს, გადასცეს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკის ფილოსოფია და ის ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას იმის დასადასტურებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესებით მიზნით, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს და მისი ადმინისტრაციის წევრებს უკვე შეხვდა. კობახიძის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ამის შესახებ პრესრელიზშია საუბარია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
მანამდე ამერიკელი სენატორი შეხვდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და პროდასავლურ ოპოზიციასაც.