მაკრონი ჩამოიყვანეთ და თბილისის მერობის არჩევნებზე კენჭი აყრევინეთ, იქნებ რამე გეშველოთ - კალაძე ოპოზიციას
ვაიმერის სამკუთხედის ლიდერების მიმართ "წინააღმეგობის პლატფორმის" მიმართვას კახა კალაძე ირონიით აფასებს. ივანიშვილის გუნდის წევრი პროდასავლურ ოპოზიციას "ურჩევს", თბილისის მერობის არჩევნებზე მაკრონის კანდიდატურა დააყენონ.
ამასთან, კალაძე ოპოზიციას "რადიკალებად" და "აგენტურად" მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ისინი გარე ძალების დავალებებით მოქმედებენ.
მაკრონი ჩამოიყვანეთ და კენჭი აყრევინეთ მაკრონს, მაგალითად, თბილისის მერობის არჩევნებზე. იმასაც „გააპრავებთ“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მაკრონი დააყენეთ კანდიდატურად, იქნებ რამე გეშველოთ.
დალაგება ურთიერთობების არ ნიშნავს, ვინმეს დაემონო. საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიღაცა დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა ვინმე გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰგონიათ. ეს ადამიანები არ ეკუთვნიან თავიანთ თავებს, არ ეკუთვნიან საქართველოს, ჰყავთ თავიანთი პატრონები, ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ აქვთ გარკვეული მისია, - ამბობს კალაძე.
"წინააღმდეგობის პლატფორმა" ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს საგანგებო წერილით მიმართავს. მეხუთე პრეზიდენტის გარშემო გაერთიანებული პროდასვლური ოპოზიცია ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და რეპრესიებზე უფრო მკაცრი და ეფექტური რეაგირება მოახდინონ. წერილში ყველა ის პუნქტია ჩამოთვლილი, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად არის საჭირო.