რაც ვთქვით, გავაკეთეთ! - პრემიერი სააკაშვილზე

02.10.21 11:45
რაც ვთქვით, გავაკეთეთ! - პრემიერი სააკაშვილზე

ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ, -  ასე შეაფასა პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო. 

მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდაცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს მე ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მე მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყელაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. ჩვენ შევარჩიეთ ის დრო და ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინული მხარის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი აბსოლუტურად ესმის, თუმცა პროცესი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. მისი თქმით, არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. 

უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. დანარჩენი, ეს ფორმალური ხასიათის განცხადებები ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვსი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და კითხვას არ დავტოვებთ გაუცემელს, - თქვა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები