ხიდაშელი: პოლოლიკაშვილს არ აპატიეს ის, რომ "ერთგული ჯარისკაცის" როლი არ აირჩია და კობახიძის დავალებებს უსიტყვოდ არ გაყვა

30.05.25 22:50
ხიდაშელი: პოლოლიკაშვილს არ აპატიეს ის, რომ "ერთგული ჯარისკაცის" როლი არ აირჩია და კობახიძის დავალებებს უსიტყვოდ არ გაყვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას და პოსტზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის, შეიხა ალ ნოვაისის მხარდაჭერას "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" ეთერში აფასებს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ზურაბ პოლოლიკაშვილს არ აპატია ის, რომ პოლოლიკაშვილმა "ერთგული ჯარისკაცის" როლი არ მოირგო და ირაკლი კობახიძის დავალებები თუ მითითებები არ შეასრულა. 

ამასთან, თინა ხიდაშელი ეხმაურება საექსპერტო წრეში გავრცელებულ ვერსიას, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე და ქართული მხარისთვის გადმოცემაზე გაცვალა.

როგორც ის ამბობს, მოცემულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "საამიროებიდან ბაჩიაშვილი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ჩამოიყვანეს".  

აქ მნიშვნელოვანია ინფორმაციის ქონა იმაზე, თუ სინამდვილეში რა მოხდა. ვიცით, რაც თქვა კობახიძემ, თავად პოლოლიკაშვილმა. გასაგებია, რომ მას არ აპატიეს ის, რომ "ერთგული ჯარისკაცის" როლი არ აირჩია, უსიტყვოდ არ გაყვა კობახიძის მოთხოვნებს, დავალებებს, სურვილებს. ეს ორივე მხარემ დაადასტურა და ვიცით. რაში გაიცვალა პოლოლიკაშვილი, ეს მე არ ვიცი. ვიცით ასევე ფაქტად ის, რომ სწორედ საამიროებიდან ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი ძალიან საეჭვო ვითარებაში. ვის მიერ მოხდა მისი მოტაცება, ვინ იყო მთავარი გმირი ამ პროცესში, ეს ჩვენ არ ვიცით." - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შეიხა ალ ნოვაისი აირჩიეს - არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მხარი კენჭისყრაზე 24-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

შეიხა ალ ნოვაისი ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომლის კანდიდატურაც "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წელს გაიწვია. ამასთან, ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა, რომ მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერდა. 

ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ექსპერტთა წრეში გაჩნდა ეჭვები, რომ ოლიგარქის გუნდი გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კერძოდ, ექსპერტების ვარაუდით, "ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის სანაცვლოდ, საამიროებს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და ქართული მხარისთვის გადმოცემა მოსთხოვა. 

მსგავსი სიახლეები