ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს - ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ კოალიცია ცვლილებების "ლიდერს" "მოსატაცებელი არაფერი სჭირს".
არ ვიცი რა პრეტენზიები აქვს - კანონი აღსრულდა - ამბობს კობახიძე.
ივანიშვილის პრემიერი დღეს ყველას დაპატიმრებით დაემუქრა, ვისაც წულუკიანი ე.წ. კომისიაზე დაიბარებს და არ მივა.
- ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.
„ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, არავის ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით დაისჯება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვაში, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას“, -განაცხადა კობახიძემ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.