კობახიძე ირწმუნება, რომ პოლიციელი დღეს "მოქალაქეებისთვის ნდობის და უსაფრთხოების სიმბოლოა"

31.05.25 12:26
კობახიძე ირწმუნება, რომ პოლიციელი დღეს "მოქალაქეებისთვის ნდობის და უსაფრთხოების სიმბოლოა"

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართველი პოლიციელი დღეს "მოქალაქეებისთვის ნდობის და უსაფრთხოების სიმბოლოა"

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ივანიშვილის პრემიერმა ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებში, რეპრესიებში, მოქალაქეების წამებაში, ცემასა და უკანონო დაპატიმრებებში მხილებულ "სამართალდამცველებს", რომელთა ნაწილი სანქცირებულია, მადლობა გადაუხადა.

აქციებზე არაერთ მოქალაქესა და ჟურნალისტზე ძალადობის ფონზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია".

"პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა.

დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია", - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები