EU კრიმინალებს მფარველობს - კობახიძე ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე
"ქართული ოცნების" პრემიერი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის განცხადებას თავდასხმით პასუხობს - ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირი იმ "კრიმინალებს მფარველობს, რომლებიც ოპოზიციაში არიან".
ოლიგარქის გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ თუ პროცესები ამგვარად გაგრძელდება, ამ შემთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში "ევროპული ბიუროკრატიის სრული დისკრედიტაცია გაგრძელდება".
გვახსოვს, რომ საქართველოში კრიმინალებს 2012 წლიდან მოყოლებული და მანამდეც მფარველობდნენ. 9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები ხელისუფლებაში იყვნენ, მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან სამწუხაროდ, რაც გამაოგნებელია, უფრო მეტიც, ამ რეჟიმს როგორც „დემოკრატიის შუქურას“, ისე მოიხსენიებდნენ. აქედან გამომდინარე არ გვიკვირს, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი კრიმინალებს მფარველობენ, რომლებიც არიან ოპოზიციაში. ეს შემაშფოთებელი მოვლენაა და ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯის დისკრედიტაციას ახდენს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ში უფრო სწრაფად შეიცვლება ყველაფერი, რადგან იქ ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც „დიფ-სთეითს“ ებრძვის, ევროპაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. თუ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში, ევროპული ბიუროკრატიის სრული დისკრედიტაცია გაგრძელდება.
ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ ევროპაში არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ბუნებრივია, მსგავსი პროცესები საზოგადოების თვალში სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება და ევროპა კვლავ სამართლიანობისა და ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებაზე.
განცხადებაში პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება".