მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე პატიმრობაში გაშვებული სტუდენტები - რას ამბობს კობახიძე
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე პატიმრობაში გაშვებული სტუდენტი გოგოები - კობახიძე ამტკიცებს, რომ სტუდენტმა გოგონებმა ივანიშვილის დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
"ოცნების" პრემიერი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ევროპელ ლიდერებთან ერთად ფოტოებს იღებდა, დღეს ამტკიცებს, რომ მარიამ ლაშხისთვის "ძირს რუსული დამპალი იმპერიას" დაძახება, "ევროპული ბიუროკრატიის" მიერ იყო დაფინანსებული.
"ევროპული ბიუროკრატია ტრაგიკულ მდგომარეობაშია" - ამბობს კობახიძე.
- მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
ეს არის არამარტო ორგანიზებული, არამედ ეს არის პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანია. ამ კამპანიას აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას. ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიიდან გაცემული ფინანსები.
ლაშხი იყო ბავშვებთან ერთად, არასრულწლოვანებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მათი ფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მარიამ ლაშხთან მივარდნას. ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სრულიად ტრაგიკულ მდგომარეობაში და ეს აისახება ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.