აქუბარდია განმარტავს, რისი უფლება შეეზღუდა "ოცნების" დელეგაციას NATO-ში
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა, პარტია გახარია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია "პირველებთან" ადასტურებს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ფლობს ცნობებს იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკომიტეტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების" დელეგაციას ნამდვილად შეეზღუდა ხმის მიცემის და კომენტარების გაკეთების უფლება, ასევე შეუწყდა რეზოლუციაში ცვლილებების შეტანისა და სემინარებზე/კომიტეტების სხდომებზე დასწრების უფლებაც.
ჩემი ინფორმაციითაც, წარმოადგენს სიმართლეს და ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციას და არა საქართველოს დელეგაციას, საკომიტეტო ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება აქვს შეზღუდული, ისევე როგორც კომენტარების და რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება და სემინარებსა და კომიტეტის სხდომებზე მონაწილეობაც. ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რაც ნორმა არ არის". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.
- ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე, ჩავიდნენ.
ამასთან, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს "ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან".