კობახიძე ბაჩიაშვილის შესაძლო გატაცებაზე: „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება
ღირსების მედალიც ეკუთვნით [ბაჩიაშვილის დაკავების] ოპერაციის ავტორებს - განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ქართული ოცნების" ლიდერს დღეს მედიამ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი აბუ-დაბიდან გაიტაცეს.
კობახიძე "აბსურდს" უწოდებს თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლოზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის აბუ-დაბიდან გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე მოათავსეს "აირზენას" თვითმფრინავში. ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ ასეთი ოპერაციის, თავად „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა".
"შეიძლება, სუს-მა ინატროს, „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის" - თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა.
ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება სუს-მა ინატროს, „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება.
თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში. როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანიდატურა "ოცნებას" გიორგი ბაჩიაშვილში არ გაუცვლია.
- გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის ადგილმონაცვლე შაიხა ნასერ ალ ნოვაისია გახდა.
- მომავალი წლიდან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს წარმომადგენლის ნაცვლად აბუ დაბის კანდიდატი დაინიშნება. მან ფარულ კენჭისყრაში 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა.
ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით"- თქვა მან.