კალასი/კოსი: "ოცნების" FARA დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს... რეპრესიული კანონი ივანიშვილის გუნდის მხრიდან კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯია
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი "ქართული ოცნების" FARA-სთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორი წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი წერს, რომ კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" რეპრესიული ხასიათის არის და ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. მათივე განმარტებით, კანონის მიზანია, განსხვავებული აზრის ჩახშობა, თავისუფლების შეზღუდვა და აქტივისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შევიწროება.
საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. “მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში." - წერია განცხადებაში.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.
2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება." - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ვინ ჩაითვლება აგენტად?
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”.