შვედეთის საგარეო: "ოცნების" FARA ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება... მისი მიზანი დამოუკიდებელი ხმების ჩახშობაა
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" FARA-ს, რომელიც ძალაში დღეს შევიდა, რეპრესიული ხასიათის კანონად აფასებს - უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის FARA მიზნად დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს.
ახალი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი საქართველოს მამაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მხარს მტკიცედ უჭერს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ვინ ჩაითვლება აგენტად?
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”.