"უნდა დამელოდოთ" - რა გეგმა აქვს მესამე სექტორთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროს
ერთპარტიულ პარლამენტში ამერიკული ფარას სახელით მიღებული რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ, "პირველებმა" კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს, ანტიკორუფციული ბიუროს შეფს კითხვით მიმართა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას მესამე სექტორთან დაკავშირებით.
რაჟდენ კუპრაშვილი "ტვ პირველის" კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვას ასე პასუხობს - "უნდა დამელოდოთ".
ჟურნალისტი: რა გეგმა გაქვთ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით?
რაჟდენ კუპრაშვილი: რა გეგმა უნდა მქონდეს.
ჟურნალისტი: მაგალითად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" უნდა გაიაროს თუ არა რეგისტრაცია თქვენს რეესტრში.
რაჟდენ კუპრაშვილი: ამას შევისწავლით. მან (ორგანიზაციამ) უნდა გადაწყვიტოს.
ჟურნალისტი: თქვენ რას მოიმოქმედებთ?
რაჟდენ კუპრაშვილი: დაველოდოთ. მე უნდა დამელოდოთ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო, ძალაში დღეს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ვინ ჩაითვლება აგენტად?
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
- როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”.