ივანიშვილის დელეგაციას საქართველოს ნატოში ინტეგრირება არ აინტერესებს - რუხაძე

31.05.25 17:25
ივანიშვილის დელეგაციას საქართველოს ნატოში ინტეგრირება არ აინტერესებს - რუხაძე

ივანიშვილის დელეგაციას საქართველოს ნატოში ინტეგრირება არ აინტერესებს, - ასე ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. 

ევროპული კვლევების დირექტორი "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დელეგაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე არა ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არამედ იმისთვის გაემგზავრა, რათა რეჟიმისთვის რაიმე ტიპის აღიარება მოეპოვებინა. 

ეს ორ რამეს ნიშნავს. პირველი - საქართველოს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ამ პარლამენტში არ არის ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, საქართველოს დელეგაცია სრულფასოვანი ვერ იქნება, რადგან ოპოზიცია არ არსებობს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო დღეს არის ავტორიტარული სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, არის ერთპარტიული. ერთპარტიული დელეგაცია გაემგზავრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ასეთი საქართველო ნატოსთვის საინტერესო არ არის. საერთოდ, ეს ჩვენი დელეგაცია არ არის. ეს არის ივანიშვილის დელეგაცია. ეს ხალხი საერთოდ იმიტომ დადის, რომ რაიმე ტიპის აღიარება მოიპოვონ, თორემ საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს ნატოში ინტეგრირება". - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.

  • ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან  მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე, ჩავიდნენ.

ამასთან, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს "ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან".

მსგავსი სიახლეები