რამდენი მილიონით დატოვა პოსტი ვახტანგ გომელაურმა - ჟურნალისტური გამოძიება
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - თბილისში, ვარკეთილში მდებარე ორი ბინით საქართველოს მთავრობაში მოსული ვახტანგ გომელაური მინისტრის პოსტს, მრავალმილიანი ქონებით ტოვებს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გომელაური 8380 ლარიანი ხელფასით, უმუშევარ ცოლს და ორი შვილს არჩენდა. როგორც "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვებიან, გომელაურები სანქციებამდე მოგზაურობდნენ ევროპის მასშტაბით, ყიდულობდნენ ბრენდულ სამოსს და აიშენეს ვილა ტაბახმელაში, იყიდეს მიწები ეზოს გასადიდებლად, შეიძინეს კიდევ ერთი ტერიტორია ახალი სახლისთვის, იყიდეს, რეზიდენცია თბილისის ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ცათამბჯენში ავტოფარეხებით.
ექს მინისტრი ამჟამად, ტაბახმელაში მდიდარი ქართლების უბანში, სამ სართულიან ვილაში ცხოვრობს.
- 2000 კვადრატული მეტრ მიწაზე 3 სართულიანი სახლი ტერასით, გომელაურმა მინისტრად დანიშვნიდან 3 წელიწადში აიშენა. სახლის საცხოვრებელი ფართი 420 კვადრატული მეტრია.
ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ ტაბახმელაში მიწის ყიდვაც და მდიდრული სახლის მშენებლობაც მხოლოდ და მხოლოდ 123 ათას 717 ლარი დაუჯდა.
როგორც "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, ტაბახმელაში მდიდრული სახლი ვახტანგ გომელაურის ერთადერთი ქონება არ არის.
- შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სახლის გასწვრივ, ზუსტად იდენტური ზომის, დიდი გალავნით გარშემორტყმული მიწაც გომელაურის საკუთრებაა - ქონება ბიძინა ივანიშვილის ერთ დროს ყველაზე სანდო კაცს ფიქტიურად პირადი მცველის ცოლის ძმაზე აქვს გაფორმებული.
ეს ყველაფერი არ არის - ჭავჭავაძის გამზირზე, "არქის" ცათამბჯენში მეთხუთმეტე სართულზე 200 კვადრატული მეტრი ფართობის აპარტამენტი ვახტანგ გომელაურმა 2 წლის წინ გადაიფორმა. თავად ამტკიცებს, რომ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კორპუსში ხედით ვაკის პარკსა და კუს ტბაზე, ნახევარ მილიონზე მეტი, 542 ათასი ლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებია.
- ორი ავტოფარეხი "არქის" ცათამბჯენში, რომელიც ახლა ვახტანგ გომელაურის საკუთრებაა, 2017 წლის 6 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მცველის, გიორგი მელაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. გომელაურმა კი ქონება 2024 წლის 19 ივლისს მას შემდეგ გადაიფორმა, რაც შაბათის ეთერმა დაცვის სახელზე გადამალულ მის ქონებებს მიაგნო.
რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის სიძეს, 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც შალვა ომსარაშვილმა გომელაურის ქალიშვილზე იქორწინა, მის სახელზე ასობით ათას ლარად შეფასებული ქონება გადაფორმდა:
- "მზიური რეზიდენსის" საცხოვრებელ კომპლექსში, მე-11 სართულზე მდებარე 113 კვადრატული მეტრი რეზიდენცია, ვახტანგ გომელაურის სიძის საკუთრება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქონება შალვა ომსარაშვილის სახელზე გომელაურის ქალიშვილთან ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე საბანკო სესხის გარეშე გადაფორმდა.
- 2022 წელს მინისტრის შვილზე ქორწინებიდან, მალევე შალვა ომსარაშვილის სახელზე კიდევ ერთი ბინა, თბილისის კიდევ ერთ ელიტურ კორპუსში გადაფორმდა. ამჯერად კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციების მიმდებარედ, 100 კვადრატული მეტრი, ავტოსადგომით. სახლი იპოთეკით ყიდვიდან 2 წელიწადში, 2024 წლის 12 იანვარს დატვირთეს.
"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა გომელაურის სიძის სახელზე გაფორმებული, ასობით ათას ლარად შეფასებული მანქანები. შინაგან საქემთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაში, შალვა ომსარაშვილის სახელზე, 2023 წელს სამი მანქანა იყო რეგისტრირებული. აქედან ორი ბიზნეს და ლუქს კლასის ბოლო მოდელის "რენჯროვერ სპორტი" და "მერსედეს ლიმუზინი". მხოლოდ ამ ორი მოდელის სავარაუდო ღირებულება 700 ათას ლარს სცდება.
"შაბათის ეთერის" მიერ ამბის გახმაურების შემდეგ, ავტომობილები ომსარაშვილის ქონებიდან ძვირადღირებული ბოლო მოდელის ავტომობილები ამოირიცხა.
ეს ყველაფერი არ არის, ოპოზიციის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის ქონების მთავარი სამალავი მისი პირადი მცველი გიორგი მელაძე იყო.
- 2016 წლის ნოემბერში, მაშინ როდესაც გომელაური სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, პირადი მცველის, გიორგი მელაძის სახელზე მცხეთაში თითქმის ერთ ჰექტარზე გაშენებული სარესტორნო კომპლექსის გადაფორმდა. 400 ათას ლარზე მეტი ბიზნესში გადაიხადა კაცმა, რომლის ერთადერთი ქონებაც ვარკეთილში 1 ოთახიან ბინა იყო.
- 2016 წლის აპრილში ვახტანგ გომელაურის პირადი მცველის, გიორგი მელაძის სახელზე გადაფორმდა 331 კვადრატული მეტრი რეზიდენცია გორგასლის გამზირზე ახლად აშენებული კორპუსში. ამ ბინის ფასი ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იყო.
ჟურნალისტური გამოძიების დროს, "შაბათის ეთერმა" პირადი მცველის სახელზე გაფორმებული მინიმუმ ორ მილიონზე მეტის ქონება აღმოაჩინა.
ნაწილი ისევ მათ მფლობელობაშია, ნაწილი კი ვახტანგ გომელაურს გადაუფორმეს. "ლილოს მოლის" ტერიტორიაზე მდებარე შპს „თეგაში“ ვახტანგ გომელაურის პირადი მცველი თითქმის 5% წლის მფლობს.