როგორ გამდიდრდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი - ჟურნალისტური გამოძიება

31.05.25 21:53
როგორ გამდიდრდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი  - ჟურნალისტური გამოძიება

აღმოჩენილია 3 სართულიანი სასახლე ლისის თავზე - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ძვირადღირებული ქონება თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვიქტორ წილოსანს ეკუთვნის. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექს მაღალჩინოსანს მილიონიანი ქონება სტუდენტი შვილის, სანდრო წილოსანის სახელზე აქვს გაფორმებული. 

  • მიწა, რომელზეც მდიდრული ვილა შენდება, 2023 წლის 8 მაისს არის შეძენილი. ამ დროს ვიქტორ წილოსანი, კალაძის უწყებაში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. 
  • ნასყიდობის მომენტში სანდრო წილოსანი 21 წლის იყო. 

დგინდება, რომ სასახლის ასაშენებელი ტერიტორია, ელიტურ უბანში ლისზე სესხის გარეშეა შეძენილი. იპოთეკური სესხი არ არის გამოტანილი არც მშენებლობისთვის, ასეთი ჩანაწერი რეესტრში არ იძებნება.

  • ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სტუდენტმა სანდრომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მხოლოდ მიწის 3 ნაკვეთში, ნახევარ მილიონამდე დოლარი ანუ დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა.
  • მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ 295 ათასი ამერიკული დოლარი, 117 ათასი ამერიკული დოლარი და 173 740 ამერიკული დოლარი, სრულად სანდროს ეკუთვნოდა. 

ობიექტური სურათის დასადგენად, "შაბათის ეთერმა" ვიქტორ წილოსანის მიერ შევსებული დეკლარაციების შესწავლა დაიწყო: 

  • პირველი დეკლარაციის თანახმად, მერიაში დანიშვნის მომენტისთვის, წილოსანის ცოლი შემოსავლების სამსახურში, სპეციალისტად მუშაობს. მამა მებაღეა. შვილები არასრულწლოვანები. 
  • 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში წილოსანი წერს, რომ ავტომობილიც კი ლიზინგით ჰყავს გამოყვანილი და არასრულწლოვან შვილზე გაფორმებული კომპანიებიდანაც ნულოვან შემოსავალს იღებს. ოჯახის ანგარიშებზეც ყველაზე დიდი ფული - 1286 ლარია. წილოსანი დეკლარაციაში უთითებს, რომ  ჰქონდა 170 ათასი ევრო, რომელიც გაასესხა, თუმცა ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან მისივე მტკიცებით, შეთანხმება ზეპირსიტყვიერად შედგა. 

მერიაში დაწინაურებამდე, დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის დადარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიქტორ წილოსანს მხოლოდ იპოთეკით შეძენილი საგურამოს სახლი ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ, გადაუხდელობის გამო, "თი ბი სი" ბანკმა მოგვიანებით გასაყიდად გამოიტანა.

  • იკვეთება, რომ წილოსანს ამ ქონების ბანკიდან გამოსყიდვაც მოუწია. საგურამოს გარდა, ოჯახის საკუთრებაში იყო კიდევ ერთი, ეს ძველი ბინაც ცაგერის ქუჩაზე. სანდრო ძმებთან და დედასთან ერთად, ახლაც ამ მისამართზე ცხოვრობს.

ჩინოვნიკობამდე წილოსანს 2007 წელს დაფუძნებული ერთადერთი კომპანია უფიქსირდება, რომელიც წლებია, აღარ ფუნქციონირებს.

თვენახევრის წინ, 16 აპრილს, გადამდგარმა ჩინოვნიკმა, დეველოპერული კომპანია დააფუძნა. 
საკუთარი სახელით ოპერირებამდე, ყველა ბიზნესში, ვიქტორ წილოსანს, 2002 წელს დაბადებული შვილი ჰყავდა გაფორმებული. ზოგიერთ შემთხვევაში სანდრო არასრულწლოვანი იყო და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ოფიციალურადაც მშობლები იღებდნენ.  

  • მამის ინფორმაციით, სანდრო წილოსანმა იყიდა გასულ წელს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული  2 მიწის ნაკვეთიც. მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სტუდენტმა სანდრომ ერთ ნაკვეთში 295 ათას დოლარი, მეორეში კი 117 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. 

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა ისიც, რომ ბიზნეს წილები სხვადასხვა კომპანიებში,  ასევე წილოსანის შვილის სახელზეა გაფორმებული.

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები