რეჟიმი ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს - უფლებადამცველი
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის მიერ შაბათის ეთერის ჟურნალისტ ქალზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, იურისტები სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი პრობლემას დაუსჯელობის სინდრომში ხედავს. ამბობს, რომ "ოცნების" პირობებში ჟურნალისტებზე მსგავსი ძალადობის ფაქტები მომრავლდა, თუმცა ამაზე რეჟიმი არ რეაგირებს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოძალადეებს კიდევ უფრო ახალისებს.
ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი ძალის მმართველობის პირობებში არის გაზრდილი აგრესია თუ თავდასხმა მედიის წარმომადგენლებსა თუ ჟურნალისტების მიმართ. მოქმედებს დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ გვახსენდება შემთხვევა, როდესაც თავად სახელისუფლებო წრიდან მოხდა თავდასხმა თუ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ამას მიეცა სათანადო პასუხისმგებლობა. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათ არ მოეთხოვებათ პასუხი ჟურნალისტებზე თავდასხმასა თუ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე, ბუნებრივია, ეს იწვევს ერთგვარ წახალისებას, - ამბობს უფლებადამცველი.
ყოფილი დეპუტატები საჯარო სამსახურში - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ლუკა კურტანიძე გაზისა და ნავთობის კორპორაციის თანამშრომელია. ის კორპორაციაში 2022 წლიდან ხელშეკრულებით დასაქმდა და ხელფასსაც ხალხის ფულიდან უხდიან.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა კურტანიძესთან კითხვების დასმა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა ყოფილ დეპუტატს მისი საქმიანობის შესახებ ჰკითხა, დეპუტატი აგრესიაზე გადმოვიდა და ქალ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა.