"ოცნების" რეალური მიზანია, ყველა კრიტიკული ხმა ჩაახშოს - გიორგი ხატიაშვილი ე.წ. აგენტების კანონზე
"ოცნების" რეალური მიზანია, ყველა კრიტიკული ხმა ჩაახშოს, - ასე აფასებს უფლებადამცველი გიორგი ხატიაშვილი რეჟიმის მიერ ამოქმედებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. იურისტი ამბობს, რომ კანონის ცნებები იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია, გასაზღვრო ვის მიაწებებს რეჟიმი "აგენტის' იარლიყს. ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" აღნიშნულ კანონს დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს.
ამ კანონის ცნებები და ფორმულირებები არის იმდენად ბუნდოვანი, რომ ფაქტობრივად, ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც არის მთავარი აღმასრულებელი ამ კანონის, რჩება ყველანაირი ბერკეტი, რომ კანონის მოქმედება გაავრცელოს ყველა იმ პირზე, რომელიც უცხოეთიდან იღებს რაიმე ტიპის დაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს უბრალო შემოსავალი და დონორისგან მიღებული დაფინანსება. ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ეწევა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების სივრცის შევიწროების პრაქტიკას და მათი რეალური მიზანია, რომ ყველა კრიტიკული აზრი ჩაახშოს და მიაწებოს ერთგვარი აგენტის იარლიყი იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ლოიალურად განწყობილი მმართველი ძალის მიმართ. ამიტომაც ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული დევნის ინსტრუმენტად, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ქვეყანაში გუშინდელი დღიდან ე.წ აგენტები კაონი ამოქმედდა, რომელიც რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული "ფარას" ანალოგია. "ოცნების" კანონი შეეხება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება.
ე.წ. რუსული კანონის გარდა, ქვეყანაში ამოქმედებულია ე.წ. საბჭოთა "დანოსები". ანუ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, შეუძლიათ დაასმინონ.