დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად! - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქვეყნის მასშტაბით ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და მათ ბედნიერ და ზურუნველ მომავალს უსურვებს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამ საქმეში საკუთარი წვლილის შესახებაც საუბრობს, რომელიც წალენჯიხაში "იუვენტუსის აკადემიის" დაარსებას უკავშირდება. მისი თქმით, მოხარულია, რომ აკადემია უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია.
ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მსგავს აკადემიას თბილისშიც გახსნის, თუმცა მანამდე, მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლაა მოსაგები.
არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში! არ მინდა, დღეს მძიმე სტატისტიკაზე გესაუბროთ, ისედაც ყველასთვის ცნობილია…
ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა, ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა, მდიდარი ქვეყანა მათზე მზრუნველი ხელისუფლებით, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობით!
ამ მიზნით, ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიყვანეთ და წალენჯიხაში "იუვენტუსის აკადემია" გავხსენით.
წალენჯიხელ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს "იუვენტუსის აკადემია" ორი წელია ავარჯიშებს და უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია, რაც ძალიან მეამაყება.
ფიზიკური მომზადების გარდა, ბავშვთა კვება, სწავლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს "იუვენტუსის" საერთაშორისო სტანდარტია, რა გარემოშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და ვითარდებიან!
მალე თბილისშიც გავხსნით, მაგრამ მანამდე დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად!
ეს დღე მალე დადგება!, - წერს მამუკა ხაზარაძე.