ბაჩიაშვილმა "გატაცების" საქმეზე იჩივლა
გიორგი ბაჩიაშვილი მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ივანიშვილის ფინანსების ყოფილი მმართველი ამტკიცებს, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტაცეს. ახლა საქართველოს პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო ის ხალხი, ვინც "აირზენას" თვითმფრინავით აბუ-დაბის ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში შეპყრობილი ბაჩიაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა.
იმისთვის, რომ არ გაქრეს კადრები, არ წაიშალოს სარადარო მონაცემები, ბაჩიაშვილი პროკურატურას გამოძიების დაჩქარებულად დაწყებას სთავაზობს. აეროპორტში გადაღებული ვიდეოკადრებით და სარადარო მონაცემებით გამოაშკარავდება, რა მარშრუტით გადაადგილდებოდა ბაჩიაშვილი, რადგან "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში ავიაკომპანია "აირზენამ" ჩამოიყვანა.
"ფლაი რადარის" მონაცემებით, "აირზენას" თვითმფრინავი თბილისიდან გაფრენის შემდეგ, ირანის საჰაერო სივრცეში მოხვედრის დროს სანავიგაციო სისტემას თიშავს. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია ავიაკომპანია, ასევე ბორტზე მყოფი ეკიპაჟი. მათ უნდა გასცენ კითხვებზე პასუხი, რამდენმა ადამიანმა ჩამოიყვანა ბაჩიაშვილი საქართველოში? როდის მიიღეს შეკვეთა მისი ტრანსპორტირების?
უნდა დაიწყოს თუ არა გაბიტაშვილის უწყებამ გამოძიება? - "ქართულ ოცნებაში" ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ, სრულ ნდობას უცხადებენ სუს-ს, თუმცა, ამავდროულად, ოხანაშვილის უწყების ვერსიასთან მათი ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის. როგორ შეიძლება სეირნობდეს ე.წ. მწვანე ზონაში პირი, რომელმაც ქვეყნის დატოვება პოლიტიკური მართლმსაჯულებიდან თავის დაღწევის მოტივით ახსნა.