ვინ გაანადგურა მელიას დაკავების მტკიცებულებები? - ლისის გზის სპეცოპერაციის ახალი დეტალები
იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიას გატაცების სპეცოპერაციისას მთავარი მტკიცებულებები გაანადგურა. ნიკა მელიას მეგობრების თქმით, ლევან მაისურაძეა ის ძალოვანი, ვინც ორ ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორები მოგლიჯა. არადა, მათი თქმით, სწორედ ამ კამერებს ჰქონდა გადაღებული ოპოზიციის ლიდერისთვის მოწყობილი ჩასაფრება და შემდეგ მისი გატაცება.
ლევან მაისურაძე დაკავებული პოლიტიკოსის გარემოცვის წევრებმა "შაბათის ეთერში" ამოიცნეს. სპეცოპერაციის დროს მას ნიღაბი არ ეკეთა. ნიკა მელიას გარემოცვის თქმით, ახლა წესით მაისურაძე განმარტებებს საგამოძიებო უწებებს უნდა აძლევდეს, რატომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ვის ბრძანებას ასრულებდა 29 მაისს, რატომ დაადეს ბორკილები პარტია "ახალის" ლიდერს.
ვინ არის ლევან მაისურაძე - კარგად იციან ადამიანებმა, ვინც წლებია "ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენ ჩავწერეთ არაერთი ინტერვიუ, სადაც აქტივისტები ყვებიან, რომ სწორედ მაისურაძე გასცემდა მათი უკანონო დაკავების ბრძანებებს, იტაცებდა აქციის მშვიდობიან მოქალაქეებს, ყინვაში კი აქციის დროს რუსთაველზე ხალხს შეშის მიტანის უფლებას არ აძლევდა.