ნოდარ მელაძე: "ქართული ოცნება" "ტვ პირველს" უჩივის

02.06.25 20:48
ნოდარ მელაძე: "ქართული ოცნება" "ტვ პირველს" უჩივის

 

 

"ქართული ოცნება" ტელეკომპანია "პირველს" უჩივის - არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა. 

ნოდარ მელაძის განცხადებით, FARA-ს კანონის ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" მოითხოვს, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა და წამყვანებმა აღარ გააჟღერონ ისეთი ტერმინები, როგორიცაა - "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

რეპრესიული კანონი უკვე აამოქმედეს - "ქართულმა ოცნებამ" მარეგულირებელ კომისიაში შეიტანა საჩივარი "ტვ პირველის" წინააღმდეგ და პრაქტიკულად მოითხოვს, რომ ეთერში, ახალი ამბების გამოშვებებში აღარ ისმოდეს ისეთი ტერმინები, როგორიც არის - "არალეგიტიმური ხელისუფლება", "რეჟიმი", "მიტაცება", "ოლიგარქის რეჟიმი", "გარუსება". სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალია - "კლანის მსახური მოსამართლე". კლანის მსახური მოსამართლე, არის საზოგადოების შეფასება კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით და "ქართული ოცნება" რა შუაშია ამ საკითხთან დაკავშირებით?!

ასევე, პარტია "ქართული ოცნება" მოითხოვს, რომ ჟურნალისტებმა არ გამოიყენონ ტერმინი - "კლანის სასამართლო" - რა შუაშია პარტია "ქართული ოცნება" სასამართლოსთან?! "ქართული ოცნება" არის პარტია, სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ამ ერთ საჩივარშიც გაეპარათ ის, რომ ისინი არიან რეალურად ერთი ჯგრო, რომელსაც აქვს მიტაცებული ხელისუფლება ამ ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის ახალი ამბები, რომელთა მოყოლაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს რეჟიმს", - განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

მსგავსი სიახლეები