"ქვეყანაში დიქტატურა გაფორმდა!" - გიგი უგულავას სასამართლო იწყება

03.06.25 13:52
 "ქვეყანაში დიქტატურა გაფორმდა!" - გიგი უგულავას სასამართლო იწყება

"თბილისი მოლთან" დაკავებულების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს და მათთან ერთად  დაკავებული 6 პირის საქმის განხილვას იწყებს. 

  • ბრალდებულებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას ედავებიან, დანაშაულს არცერთი ბრალდებული არ აღიარებს.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი უგულავა, სხდომის დაწყებამდე "პირველებთან" ამბობს, რომ  აღნიშნული საქმე "აბსურდულია".

პოლიტიკოსი ამ პროცესებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქვეყანაში უკვე გაფორმებულია დიქტატურა"

მე არ დავიწყებ ამ კონკრეტული საქმის განხილვას. ის თავისდათავად აბსურდულია ისევე როგორც ამ დარბაზში და ამ დარბაზებში ჩატარებული სასამართლოების უმრავლესობა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, ქვეყანაში გაფორმებულია უკვე დიქტატურა. დიქტატურა სრულად, რომ შედგეს ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი დარჩა რეჟიმს. კერძოდ, ამ რამდენიმე მიკროფონის გაქრობა", - ამბობს გიგი უგულავა.

საქალაქო სასამართლოში  პროცესის დაწყებამდე "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა წევრმა, დიმისტრი ბიძინაშვილმა. 

ბიძინაშვილის გამამართლებელი განაჩენის  მოლოდინი არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით "ქართული ოცნებას" პროტესტი აშინებს, შესაბამისად ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის, რომ დააშინონ მოქალაქეები ჰყავდეთ მეტი "პოლიტიკური პატიმარი". 

"ქართულ ოცნებას" ეშინია ყველანაირი პროტესტის, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში. ზუსტად მასე სტრატეგიულ ობიექტად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ქუჩა თბილისში, იმიტომ რომ არ არის დაკონკრეტებული იქ, სად იწყება და სად მთავრდება მაგისტრალები. რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი არის ერთი, რომ რა თქმა უნდა, ამ საქმეზე არ დადგება გამამართლებელი განაჩენი, პირიქით "ქართული ოცნება" ყველაფერს იზამს, რომ დაშინების გზას მიმართოს და ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პოლიტიკურ პატიმარი", - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები