ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას?

04.06.25 13:01
ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას?

 

 

ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას? - "პირველების" ინფორმაციით "ქართული ოცნება" გიორგი გაბიტაშვილის შემცვლელად სავარაუდოდ, ზურაბ ბელთაძეს განიხილავს. ბელთაძე მამუკა მდინარაძის საქმიანი პარტნიორი იყო და პროკურორის მოადგილედ ცოტა ხნის წინ, 13 მაისს დაინიშნა. "პირველები" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ზურაბ ბელთაძესთან ცდილობს. 

ამასთან, სამთავრობო მედიის ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს.

  • გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო - ის ამ თანამდებობაზე 13 მაისს დაინიშნა.

როგორც "ტვ პირველს" წყარო უყვება, "მთავარი პროკურორის ცვლილება სრულიად საიდუმლოდ მოხდა". "პირველებს" პროკურატურის თანამშრომლები უდასტურებენ, რომ მათი ხელმძღვანელის წასვლის შესახებ ამბავი ტელევიზიით გაიგეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პარასკევს, როცა პროკურორების წვეულობა სასტუმრო "ამბასადორში" შედგა, გაბიტაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. 

გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დასავლური სახელმწიფოების მიერ არის სანქცირებული. 

მსგავსი სიახლეები