ვადო მაჭავარიანი: გავიხედოთ "ბაბლს" იქით - ვიმსჯელოთ

04.06.25 18:21
ვადო მაჭავარიანი: გავიხედოთ "ბაბლს" იქით - ვიმსჯელოთ

 

 

მსჯელობა არ უნდა იყოს მხოლოდ „ბაბლით“ შემოსაზღვრული - პლუსები და მინუსები უნდა განვსაზღვროთ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სართული" ლიდერმა ვადო მაჭავარიანმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

საუბარია, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელზე, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მიმართავენ - ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა, ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.  

ვადო მაჭავარიანი ამბობს, რომ საკითხზე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმსჯელოს და ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, დრო შინაარსის განხილვას დაუთმოს. 

სამოქალაქო აქტივისტი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნების" ოპონენტებს ერთიანი სტრატეგია ჰქონდეთ რაც "სართულის" დამფუძნებლის თქმით,  საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოს მოსახლეობისთვისაც: 

საინტერესო ჩანაწერია, განსაკუთრებით ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ რიტორიკას, რომ დასავლელი პარტნიორები უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას. მე მაინც ვთვლი, რომ აქ და ახლა ჩვენ ბედს წყვეტს არა ევროპარლამენტარი, არამედ ხალხი და ხალხს შორის უნდა მოხდეს კონსოლიდაცია.

ჩემი აზრით, არ უნდა წავიდეთ ყველაზე უარესი ვარიანტისკენ. ბევრი მოსაზრებაა ძალიან, მაგრამ პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უნდა მორჩეს ერთმანეთის ლანძღვა, უნდა იყოს მეტი საუბარი,  მეტი ამ შინაარსის განხილვა. უნდა დაფიქსირდეს ყველა, როგორ იღებს გადაწყვეტილებას, მორალურად თუ პრაგმატულად.

ახლა პატიმრები არიან ციხეში - ჩემი აზრით, სანამ არ გაირკვევა, ტოვებს თუ არა „ქართული ოცნება“ მათ საპატიმროში, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მორალურად ძალიან რთულია ამაზე საუბარი.

მაგრამ მაინც, ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, ეს ნამდვილად საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოს მოსახლეობისთვისაც, გადაუწყვეტელი ადამიანისთვისაც და „ბაბლის“ გარეთ. არ უნდა იყოს მხოლოდ „ბაბლით“ შემოსაზღვრული. პლუსები და მინუსები უნდა განვსაზღვროთ. „ბაბლის“ ნააზრებზე არ უნდა ვიყოთ მარტო, უნდა გავიხედოთ, რომ „ბაბლის“ იქითაც იყოს საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელიც ვერ მიხვდა წინ რა გზაა.

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რესურსი უნდა იყოს სწორ კომუნიკაციაში, მსჯელობაში. მსჯელობა გამოიხატება, რომ არა ერთმანეთის ჭამა ბოლო მომენტამდე და დაქსაქსულობა ისევ, რასაც წლებია ვუყურებთ და განსაკუთრებით ბოლო თვეებია ეს დღის წესრიგში დაბრუნდა... ვფიქრობ, სტრატეგია უნდა იყოს ერთიანი და უნდა გადაწყვიტონ, თუ ერთიანი ბოიკოტია, ერთიანი უნდა იყოს, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა ეცადონ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ იყვნენ“. - განაცხადა ვადო მაჭავარიანმა. 

მსგავსი სიახლეები