"სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება აღარ აქვს" - გეგელია
"ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის პრესრელიზის შეფასებისას განაცხადა.
- საუბარია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზე, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მიმართავენ - ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
გეგელიას შეფასებით, "სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება აღარ აქვს".
ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს აღარ აქვს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება - მათ შორის არც ადგილობრივი არჩევნების გამოყენებით. ეს იყო და არის ელემენტარული საღი აზრი.
რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპარლამენტის განაცხადია, რომ ეს წარმოადგენს ერთით მეტ საშუალებას, რომლის გამოყენებით ქართულმა საზოგადოებამ შესაძლოა აჩვენოს დემოკრატიული კონსოლიდაცია ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტი მკაფიოდ და ყოველგვარი პირობითობის გარეშე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. იქვე, პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, არჩევნები ჩაატაროს გაუმჯობესებულ გარემოში. ეს არის ორი პარალელური მოწოდება, ყოველგვარი პირობითობის გარეშე.
ეს არის ჩვენი მეგობრების პირდაპირი და ნათელი გზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, და ამ დოკუმენტკს გავრცელევამდე, ჩვენ ისედაც მოვუწოდებდით ყველა კოლეგას საერთო მსჯელობისკენ - რაც არის ევროპის მოწოდებაც. დღეს როგორც არასდროს, ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.