გეგელია თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენი პოზიცია ერთიანობის პოზიციაა - კოლეგებს ერთიანობის ხელი გავუწოდეთ
"ტექსტი კრიტიკულია... თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არჩევნები ერთით მეტი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ერი და პოლიტიკური საზოგადოება გაერთიანდეს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის პრესრელიზის შეფასებისას განაცხადა.
- საუბარია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზზე, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მიმართავენ - ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ მონაწილეობის მიღება/არ მიღებასთან დაკავშირებით კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოზიციაც სწორედ ერთიანობაში მდგომარეობს - "კოლეგებს ერთიანობის ხელი გავუწოდეთ".
ტექსტი კრიტიკულია. ძირითადი ტექსტი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც "ქართული ოცნების" ბოროტმოქმედ რეჟიმს სახელს არქმევს. რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერს, რომელიც მიემართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, აქ მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ეს არჩევნები არის ერთით მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერი, პოლიტიკური საზოგადოება კონსოლიდირდეს, გაერთიანდეს. ჩვენი პოზიციაც ერთიანობის პოზიციაა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ ან სადმე მარტო გვინდა გასვლა. ჩვენ პირიქით ვთქვით, რომ ერთიანობას აქვს აზრი. ჩვენ კოლეგებს ერთიანობის ხელი გავუწოდეთ. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენსას, ეს არ გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. აქ საუბარია არა არჩევნებში მონაწილეობაზე, არამედ საუბარია იმაზე, გამარჯვების ფორმულას ხომ არ გამოვნახავთ უკეთესს, სხვას." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.