სუბიექტური ინტერესი გვამოძრავებდა - კობახიძე განმარტავს, რატომ უჩივლა "ტვ პირველს"

05.06.25 11:51
სუბიექტური ინტერესი გვამოძრავებდა - კობახიძე განმარტავს, რატომ უჩივლა "ტვ პირველს"

 

 

ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკამერების წინ თქვა, რომ დამოუკიდებელ მედიებს - "ტვ პირველს" და "ფორმულას" მარეგულირებელ კომისიაში სუბიექტური ინტერესების გამო უჩივლა. 

"ქართული ოცნების" პრემიერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმასაც ირწმუნებოდა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონი ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ემსახურება და კანონს კრიტიკული მედიისთვის ცენზურის დაწესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად არის სტანდარტები დადგენილი ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ არ არსებობდა ამის აღსრულების მექანიზმი. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედიასტანდარტი. რა შუაშია აქ ცენზურა. ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. რა შუაშია აქ ცენზურა. ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერ შეფასდება.

ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას. თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება ტერმინები, როგორიც არის რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ სადაც გვაინტერესებდა იქ გავაკეთეთ მიმართვა. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, პარტიას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

FARA-ს ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელეკომპანია “პირველს“ და ტელეკომპანია “ფორმულას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები