ნოდარ მელაძე: ივანიშვილმა სიტყვების პოლიცია აამოქმედა - აბსურდის მთელი ცირკი გადავა იმაში, რომ ეკრანზე შავ ფონს მოითხოვენ

05.06.25 13:21
ნოდარ მელაძე: ივანიშვილმა სიტყვების პოლიცია აამოქმედა - აბსურდის მთელი ცირკი გადავა იმაში, რომ ეკრანზე შავ ფონს მოითხოვენ

 

 

ივანიშვილმა სიტყვების პოლიცია აამოქმედა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ამოქმედებისა და "ქართული ოცნების" მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კრიტიკული მედიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების თაობაზე განაცხადა. 

ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილის გუნდი პირდაპირი ჩართვების დროს "ცენზურის ხმის" დადებას მოითხოვს, ხოლო საბოლოოდ "აბსურდის მთელი ცირკი გადავა იმაში", რომ "ოცნება"  მედიას მაუწყებლობიდან გათიშავს. 

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" მცდელობისა, ჩაახშოს კრიტიკული ხმა, ტელეკომპანია "პირველი" მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევას და რეალობის ასახვას მაინც გააგრძელებს. 

თუ ივანიშვილი არის ოლიგარქი და მას მსოფლიო მედია მოიხსენიებს ოლიგარქად, ეს პრობლემაა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოში. ახლა სიტყვების პოლიციაა ამოქმედა იმისთვის, რომ თითოეულ სიტყვას გამოეკიდოს და ადამიანებს აუკრძალოს. მალე ალბათ მოითხოვენ, რომ როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში, მოვლენების ეპიცენტრიდან გადმოსცემს ამბავს, ცენზურის ხმა რომ არის, ტუ რომ ისმის ხოლმე, ეგენი დაედოს ხოლმე ჟურნალისტის ჩართვებს. შემდეგ ამოვჭრათ და ახლო ხედვით არ ვაჩვენოთ ის კადრი, სადაც ლამაზები არ ჩანან, მაკიაჟი ოდნავ შებღალული აქვთ "ოცნების" დეპუტატებს.

შემდეგ ეს აბსურდის მთელი ცირკი გადავა იმაში, რომ საერთოდ მოითხოვენ, შავი ფონი იყოს ეკრანზე. ჩვენთვის არაფერი არ იცვლება. ჟურნალისტის მოვალეობაა, რომ ასახოს რეალობა, მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ამას აკეთებს "ტვ პირველი" მრავალი წელია, ამას გააგრძელებს ახლაც. რადგანაც მათ დაიწყეს სიტყვების თამაში, შესაბამისად ვნახოთ, როგორ და რანაირად მოახერხებს მედია ისე ლავირებას, რომ არ დაკარგოს შინაარსი და ამ შემოტევისგან თავი დაიცვას". - განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

FARA-ს ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელეკომპანია “პირველს“ და ტელეკომპანია “ფორმულას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები