პაპუაშვილი ელჩების წინააღმდეგ - რა არის პაპუაშვილის თქმით, "მისი ფუნქცია"
„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს კვლავ თავს დაესხა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
მისი მტკიცებით, დიპლომატების ნაწილი ვენის კონვენციის დარღვევით ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.
პაპუაშვილი „ქართულ ოცნებას” ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უწოდებს და აცხადებს, რომ ელჩები მათთან „კონფლიქტში არიან”.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საკუთარი ბიუჯეტიდან საქართველოში "ზიზღს, პროპაგანდას, ძალადობას და ექსტრემიზმს აფინანსებენ".
დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში რიგით ქართველ პოლიტიკოსად არის ქცეული და ამ შემთხვევაში, პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, ქცევის წესს, თუ სტანდარტებს. თუკი ამ ნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მითუმეტეს აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს.
როდესაც უცხო ქვეყნის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატი თავს ესხმის საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ კანონს, ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ამით ის იხდის დიპლომატის მანტიას და იცვამს რადიკალური ოპოზიციის ტყავის ლაბადას.
დიპლომატია ზუსტად ეს სფერო არის, სადაც ყველაფერი კი არ უნდა თქვა, რაც თავში მოგდის. მითუმეტეს როდესაც ხარ აკრედიტებული დიპლომატი, შენ ვენის კონვენცია გზღუდავს, გიკრძალავს საშინაო საქმეებში ჩარევას. ჩემი ფუნქცია არის, რომ ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომელთაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არ არის. ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, პროპაგანდა, ძალადობა. ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.