"მურუსიძე ყოფილა "ოცნების" წევრი და როგორც ჩანს, უმალავენ საზოგადოებას" - იურისტი "ოცნების" სარჩელზე საუბრობს
"მურუსიძე ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი და ამას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უმალავენ საზოგადოებას" - განცხადება "ტვ პირველის" იურისტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "ქართული ოცნების" სარჩელზე საუბრისას გააკეთა.
იურისტისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს "ოცნება" ბექაურის უწყების ხელით აიკრძალოს ტერმინის - "მურუსიძის სასამართლოს" გამოყენება.
თორნიკე მიგინეიშვილი სვამს კითხვას, რა შუაშია "ქართული ოცნება" სასამართლო ხელისუფლებასთან და რატომ არის ტერმინის - "მურუსიძის სასამართლოს" ადრესატი თავად "ქართული ოცნება".
ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტებს ედავებიან ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიც არის "რეჟიმი", "არალეგიტიმური ხელისუფლება", "მურუსიძის სასამართლო", "გარუსება" და ა.შ.
ტერმინები, რომლებიც არ სურს "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ეს ასახავს მათ რეალურ სახეს დღევანდელ მდგომარეობაში და ეს ასახავს უმრავლესობის ხმას, როგორც ისინი აფასებენ მმართველ პარტიას.
დღეს კომისია განიხილავს დასაშვებობის საკითხს, რამდენად არის ზოგადად კომისია უფლებამოსილი, რომ განიხილოს ეს საჩივარი და ასევე რამდენად არის ქართული ოცნება დაინტერესებული პირი იმისათვის, რომ იდავოს ამ საკითხებთან მიმართებით.
მეორე საკითხი გაცილებით რთულია, იმიტომ, რომ როდესაც ჟურნალისტი ახსენებს "მურუსიძის სასამართლოს", აქ ცოტა პრობლემურია, რამდენად არის ამის ადრესატი თავად "ქართული ოცნება" პირდაპირი გაგებით. როდესაც საუბარია მურუსიძეზე, ეს ნიშნავს ანუ, რომ მურუსიძე ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი და ამას, როგორც ჩანს ჯერჯერობით უმალავენ საზოგადოებას. ვნახოთ, ამას გავიგებთ უშუალოდ პროცესის განმავლობაში. დღეს გადაწყდება დაიშვება თუ არა საჩივარი იმისათვის, რომ შემდგომ უკვე არსებითად იქნას განხილული და უკვე შემდგომ სხდომაზე განიხილება რა ჯარიმაზე შეიძლება გავიდეს ან პირველ შემთხვევაში ან შემდგომში კრიტიკული მედია." - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაწერილი პირველი საჩივრების განხილვა იწყება - "ტვ პირველს", "ფორმულას" და "მთავარ არხს" "ქართული ოცნება" იმ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის შეფასებით, რეპრესიულია და მიზნად კრიტიკული მედიის მოგუდვას ისახავს. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს იმაზე, მიიღებს თუ არა წარმოებაში საჩივარს, რომლის ავტორიც ირაკლი კობახიძეა.